– გთხოვთ, ადგეთ. სასამართლო მოდის! – გაისმა დარბაზში.
სისუფთავის ქალაქში დანაშაული იშვიათი ხილი იყო, მაგრამ ათასში ერთხელ მაინც ხდებოდა ხოლმე. ამჯერად ახლადწამოჩიტულმა ყმაწვილმა – ვანომ დაარღვია პატიოსანი მოქალაქეების მყუდროება. ქალაქის ნაღები საზოგადოება შეკრებილიყო და პროცესს ელოდა.
***
– დე, “ადრეზე” მომიყევი რა, დეე… – მიუცუცქდებოდა ხოლმე პატარა ვანო საყვარელ დედიკოს. მოუსვენარი ბავშვი იყო, ყველაფერი აინტერესებდა…
– ხოო, ადრე შვილო, ასე ამბობენ, ნაგვით იყოო ყველაფერი დაფარული, ხალხი ფანჯრებიდან ყრიდაო ნაგავს, მანქანებიდანო. უზნეობას იყვნენო დაჩვეულნი, ჭუჭყში და უსუფთაობაში ცხოვრებას.
– მერე დე, მერე?
– მერე შვილო მესუფთავეები მოვიდნენ, ალაგმეს ეს სიბინძურე.
– ვინ იყვნენ მესუფთავეები, დეე? – ვინ იცის მერამდენედ დაუსვამდა ერთიდაიმავე კითხვას დედას, სიამოვნებდა ისტორიები “ადრეზე”.
– მესუფთავეები შვილო მერე დაარქვეს, მანამდე უბრალოდ ხალხი გაერთიანდა ერთი იდეის ქვეშ, სისუფთავის დამყარება უნდოდათ ჩვენს ქალაქში. ყველაფერს ასუფთავებდნენ თავიდან თურმე, მაგრამ ეს ხეპრე და გაუნათლებელი ხალხი სვრიდა და რყვნიდა ისევ. დიდი ძალისხმევა დასჭიდათ, დიდი… ბოლობოლო დაასუფთავეს, დაალაგეს და ხალხსაც შეაგნებინეს რომ სისუფთავე უკეთესია. სწორედ მას შემდეგ შეარქვა ხალხმა მათ მესუფთავეები, ქალაქს კი სისუფთავის ქალაქი დაერქვა. მას შემდეგ ვცხოვრობთ იდილიაში, ჭუჭყისა და ნაგავისგან შორს.
– დე, დეე, ისა, როგორ გაასუფთავეს ქალაქი ჰა?
– დადიოდნენ ქუჩა-ქუჩა და ნაგავს ნუ დაყრითო იძახოდნენ, თან თუ სადმე ნაგავი იყო აგროვებდნენ და წვავდნენ. თავიდან სულ ცოტანი იყვნენ, მერე ნელნელა შეემატა ხალხი, აიტაცა ხალხმა მათი წამოწყება და აღარ ყრიდა ნაგავს – გაუღიმა დედამ.
– დეე მისალმებაზეც მოყევი რა… – გამორჩა დედას ისტორიის ნაწილი.
– ხოო, დადიოდნენ მესუფთავეები ნაგავს ნუ დაყრითო იძახოდნენ, ხალხი კიდე პასუხობდა – თქვენც ასევეო. იმდენად გაითავისა ხალხმა, რომ დამკვიდრდა და დღესდღეობით მისალმებად გადაიქცა. შენც ხომ იცი როგორ უნდა მიესალმო ადამიანს?
– ნაგავს ნუ დაყრით! – მსწრაფლ უპასუხა ვანომ.
– ხომ ესალმები შვილო ხალხს, არ მომჭრა თავი, თორემ სალამი არ იცისო იტყვიან.
– კი დე, ისა… მესუფთავეები ახლა რას შვებიან, ნაგავი აღარ არის და? – ყველაფერი აინტერესებდა.
– სწორედ მათი დამსახურებაა მერე, რომ არ არის ნაგავი, აკონტროლებენ ყველაფერს, ჩვენს სამსახურში არიან, ქალაქს განაგებენ.
– დეე, კარგი ხალხია? აი სანდრო ძია რომ არის, ისეთი კარგი?
– პატარა ხარ შვილო, თორემ ასეთ უაზრო კითხვას არ დასვამდი. იმათი დახმარებით ვსულდგმულობთ შვილო, რა თქმა უნდა, სანდრო ძიაზე უკეთესები არიან.
– სუფთა, ხო?
– ხო, შვილო – შუბლზე აკოცა დედამ.
– დე, რომ გავიზრდები მეც მესუფთავე უნდა გამოვიდე, ხო დე?
– ღმერთმა ჰქნას შვილო, ჩემი ჭკვიანი ბიჭი – გულში ჩაიკრა.
***
– ნაგავს ნუ დაყრით ხალხნო! – მიესალმა სასამართლოში შეკრებილ ხალხს მოსამართლე.
– თქვენც ასევე – დაიგუგუნა დარბაზმა.
– მაშ ასე, დღეს საკმაოდ სერიოზულ დანაშაულს ვიხილავთ, ამ ახალგაზრდამ ქალაქის ცენტრი დაანაგავიანა – ვანოზე მიუთითა – ყველას მოგეხსენებათ, რაოდენ სერიოზული დანაშაულია და როგორ ეწინააღმდეგება ის ჩვენს წარმოდგენებს. სასჯელიც, მოგეხსენებათ, სიკვდილია მსგავსი დანაშაულისთვის. მე, რა თქმა უნდა, მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ თუ დამტკიცდა რომ ახალგაზრდა სრულ ჭკუაზე იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის დროს იძულებული ვიქნებით, ჩამოვახრჩოთ – ყოველგვარი ემოციის გარეშე განაცხადა მოსამართლემ.
***
– ვანო, რამდენჯერ უნდა გითხრა, შენი სიტყვებით არა! გაკვეთილი მოყევი როგორც წერია წიგნში – საყვედურობდა ხოლმე მასწავლებელი.
– ჩემს აზრს გადმოვცემ, მასწ, ჩემს პირადულს…
– არა ვანო, არა. სად გაქვს შენ მაგდენი განათლება საკუთარი აზრები აფრქვიო, ჯერ პატარა ხარ, აზრბიც ჩამოუყალიბებელი გაქვს, ასე რომ კლასიკოსების აზრებს მიუგდე ყური. კარგად ისწავლე, გაითავისე, გენიოსები იყვნენ ისინი, გენიოსები…
***
– აბა, ახალგაზრდავ, რას იტყვი თავის გასასამართლებლად?
– მე რასაც ვიტყვი, ის არამგონია, თქვენ თავისმართლებად მიიჩნიოთ.
– აგვიხსენი რატომ ჩაიდინე ასეთი უგუნური საქციელი.
– მომბეზრდა თქვენი “სი სუფ თა ვე” – ზიზღით გამოსჩრა კბილებში.
***
– რატომ ხარ შვილო სახლში, გადი გარეთ, მეგობრებთან ითამაშე, გაერთე.
– ხო, ჩავიკითხავ და გავალ.
– სად ნახე მაინც ეს ძველისძველი წიგნები…
***
– რას ნიშნავს მოგბეზრდა? როგორ შეძლება, სისუფთავე მობეზრდეს ადამიანს… და საერთოდ, ნაგავს ნუ დაყრით დაგავიწყდა შენ მგონი! არ ვიცი პირდაპირ – გაასავსავა ხელები მოსამართლემ.
– დიახ! ყელში ამომივიდა ეს თქვენი სისუფთავე. არ მინდა, აღარ მინდა. არ არის ეს ჩემი, ვერ ვეგუები.
– რა თქმა უნდა არ არის შენი! სისუფთავე ყველასია. ნუ ეგოისტობ!
– ჰა ჰა ჰა – გულიანად გაეცინა ვანოს – ვერ გამიგე ბუთხუზ, ჭუჭყიანი, ბინძური გარემო მინდა. ნაგავი, ჭუჭყი, დიახ ჭუჭყი! თან რაც შეიძლება მეტი!
– ჭუჭყი? – არ შეიმჩნია სიმსუქნე მოსამართლემ – ეს ხომ ცუდია, საშინელებაა… ღმერთო ჩემო… ჯერ კიდევ როდის მოაშორეს ძველმა მესუფთავეებმა ნაგავი ქალაქს…
– ჰოი როგორ ცდებით ჩემო ბატონო მენაგვევ (ეს ტერმინი საერთოდ აკრძალული იყო სისუფთავის ქალაქში), თქვენ გგონიათ, ნაგავს მოერიეთ? ჰა! ჰა! და კიდევ ერთხელ ჰა! არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ქუჩებიდან გაიტანეთ, თვალს მოაფარეთ. ნაგავმა კიდევ უკეთესი ადგილი მოიძია, ბევრი ძებნა არც დასჭირვებია პრინციპში. მე ვხედავ, ვხედავ ამ ნაგავს! ისევ ისვრიან ფანჯრებიდან, მანქანებიდან… სამწუხაროდ თქვენ ამას ვერ უყურებთ…
– ეუფ, გაურეკია ამას…
– არავითარ შემთხვევაში, სრულ ჭკუაზე ვარ და მზად ვარ, პასუხი ვაგო ჩემს საქციელზე მთელი სიმკაცრით, ასე რომ შეგიძლიათ ჩამომახრჩოთ. ჩირადაც არ მიღირს თქვენი სისუფთავე!
***
ცივი, ნესტიანი საკანი… რა თქმა უნდა ჩამოხრჩობა მიუსაჯეს… ხვალ… აღარ იქნება სრული ხვალ, მხოლოდ ხვალის ნაწილი და მერე… ვინ იცის…
თვალებზე ნისლი… ბურანი…
საკნის კარები საზიზღრად აჭრიალდა, მოსამართლე შემოვიდა.
– სალაპარაკო მაქვს.
– ამ ჩემს ფეხებს! – ზიზღით წამოსწია თავი ვანომ.
– ახლა კარგად მომისმინე, დილას არ ჩამოგახრჩობთ.
– შემეშვი!
– არც გიპირებთ საერთოდ ჩამოხრჩობას. ქალაქიდან გაგიყვანთ ფარულად, შენს მაგივრად კი თოჯინას ჩამოვკიდებთ.
– რა?… რატომ?
– იმიტომ რომ ღირსი ხარ თავისუფლების, უფრო სწორედ შენ უკვე მოიპოვე თავისუფლება.
– როგორ თუ მოვიპოვე? მე ხომ წესრიგი დავარღვიე, თქვენი “ნაგავს ნუ დაყრით” ფეხებზე დავიკიდე.
– სწორედ მაგის გამო… აღარ დაბოლდი ასე ვთქვათ. მიაგენი შენს თავს და აწი შენი აქ ყოფნა შეუძლებელია, ასე რომ გიშვებთ, შენ მართლა მკვლელები ხომ არ გგონივართ?
– მოიცა, თუკი ეს ყველაფერი სიმართლეა, დანარჩენებს რატომ არ ათავისუფლებთ? იმათ რა დაგიშავეს? რად აბოლებთ იმათ?
– არც მასე მარტივად არის საქმე. ყველამ თვითონ უნდა მიაგნოს თავისუფლებას. დასძლიოს თავისი “სისუფთავე”, თავისი წილი ნაგავი აზიდოს. ამას ხალხს ვერ გააგებინებ, თვითონ უნდა იგრძნონ ეს, თორემ იგივე დაბოლება გამოვა. ამიტომაც ჩუმად ვართ, ხოლო იმათ ვინც მიხვდება, მიაგნებს ამ ქალაქიდან ვუშვებთ საერთოდ. ქვეყანა კი დიდია… დიდი…
– და მეც?
– ხო, შენც. ადექი, მივდივართ უკვე. ადექი… ადექი…
…………ადექი ახლა! ადექი! აბა ჩქარა! – ჩაესმა სიზმარში – ადე, დრო მოვიდა, ხალხი გელოდება მთავარ მოედანზე – უყვიროდა გუშაგი – შენ კი გაშხლართულხარ და გძინავს არხეინად, რამ დაგაძინა საერთოდ შე უბედურო?!
სახრჩობელა ელოდა….
ნაგავს ნუ დაყრით! – By Shura
აპრილი 18, 2008 ავტორი Dodie
eeeeeee rato iyo sizmari :))))))))
vot eta daaaa !!! magaria!!!! Tan miyvars iseTi nawarmoebebi filmad rom SegiZlia warmoidgino xan bavSoba xan sasamarTlo mere isev bavSvoba.. :tan:
mokled ti krut! :))
mokled didad gmadlobt! :))
აუ შურა, მაგრად მომწონს წერის შენი სტილი. თუ გითხარი ეგ უკვე? : )))))
o.o
სააღოლ, სააღოლ…
შეძრული ვარ 🙂
უჰუმ, მეც. მისალმების ფორმა – გენიალური იყო ვაბშე : )
ესთე იგი დიდი მადლობა ჩემო ბატონო, მარა შენიშვნებიც მოაყოლეთ თუ არა ამივარდება მთლად თავში 😀