Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘bigcrow’

Soundtrack: Aes dana – Onset Data [Ytb]

უდაბნოს ქარმა ახალი ძალით წამოუბერა და ცხელი ქვიშა სახეში მოგვაყარა. ადგილი, სადაც ჩვენი დანაყოფი იყო განლაგებული, ისეთივე მოხრიოკებული და უდაბური იყო, როგორც მთელი პლანეტა. თუმცა ეს მოხრიოკებული მთავრდებოდა ზუსტად იქ, სადაც მე ახლა ვიდექი, მაღალ, ქვებისგან აშენებულ ბასტიონზე და თერმოლაზერის მძიმე კორპუსს შეფარებული თავბედს ვიწყევლიდი იმის გამო, რომ კაჩინსკის არ დავუჯერე და მაგნიტური დამატენიანებელი დილითვე არ ჩავრთე. ახლა ისღა დამრჩენოდა, რომ უდაბნოსავით ამომშრალი რეზერვუარისთვის მემზირა და იმედი მქონოდა, რომ ლეიტენანტი ჩემს შემცვლელს ვადაზე ადრე გამოაგზავნიდა, სხვა თუ არაფერი დღისით მიწევდა მორიგეობა, ეს კი ორმაგად რთული იყო.

ადგილი, სადაც ჩვენი თავდაცვითი ბასტიონი იყო აშენებული დიდი და უხეში ლოდებისგან, წარმოადგენდა იმ რამდენიმე გადარჩენილი ოაზისიდან ერთ-ერთს, რომელიც ტოტალურ გაუწყლოვნებას გადაურჩა გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში. დაცვა კი მართლაც საჭირო იყო, დღე არ გავიდოდა, რომ ვინმე ახალი ბედის მაძიებელი არ შეგვებრაწა თერმოლაზერზე. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა იმის იმედად, რომ აქ იპოვიდნენ თავშესაფარს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამარეს პოულობდნენ, უძრავ და გავარვარებულ ქვებს შორის. და ასე გრძელდებოდა უკვე დიდი ხანია. ხალხი მოდიოდა, ხალხი რჩებოდა. ოაზისის რესურსები არ იყო იმდენი, რომ ყველა მსურველისთვის გაეძღო მუცელი.

…ობიექტივში მყოფი ერთადერთი ცოცხალი არსება – პატარა ყვითელი ხვლიკი უეცრად გაქრა კადრიდან და მტვრის პატარა ღრუბელი დატოვა. ოკულარს მოვცილდი და იქეთ გავიხედე, საითაც ხვლიკი მეგულებოდა, თუმცა კი იქამდე ერთ კილომეტრამდე მაინც იქნებოდა, ასე რომ მოთახთახე ჰაერის სიღრმეებში ვერაფერი გავარჩიე. ისევ ოკულარს მივაკვდი და ნელ-ნელა მოვაშორე კადრი.

bigcrow-011-ninth

-ტომენ, ხედავ იქეთ, მესამე სექტორში? – ჩამესმა ყურში კაჩინსკის მოგუდული ხმა – რამდენიმეა მგონი.
-ვხედავ, ისეთი არაფერია, მოლაყლაყებს თავისთვის, ნელა და ძლივს, ეტყობა რომ უჭირს სიარული – გაოფლილი ხელები ბარძაყებზე შევიწმინდე და ისევ გავიხედე ოკულარში – არაფერი განსაკუთრებული, კაჩინსკი, პანიკას მოეშვი და ცოტა წყალი მიისხი სახეზე, ხომ ხედავ მზე ცუდად მოქმედებს შენზე – გავეღრიჭე კაჩინსკის და სიგარეტის ნამწვი ამოვჩიჩქნე გულის ჯიბიდან.

სანამ მე და სიგარეტის საცოდავი ნამწვი ერთმანეთს ვატყუებდით, კაჩინსკი დაძაბული იყურებოდა ოკულარში, მერე უცებ ამომხედა და თითქმის ამომყვირა:
-ტომენ! სასწრაფოდ ქვემოთ და უფროსობას დაუძახე! სირბილით და შეკითხვების გარეშე!
ცოტა ხანში ლაზერის კოშკურაში ტევა აღარ იყო, ყველა ცდილობდა გაეხედა საჭვრეტის ოკულარში და გაეგო – მართლაც რაშია საქმე. იქვე კაჩინსკის გაფითრებულ სახეს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო…

[ გაგრძელება იქნება ]

Advertisements

Read Full Post »

თეიმურაზი ერთადერთი ადამიანი იყო მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც, ვისაც ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე, შონაზე შეეძლო საუბარი, თუმცა მისი პოვნა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ორიოდე კვირის ძიების შემდეგ მივადექით მის ბინას.

– კი, მაგრამ თეიმურაზის ზიმბაბვური რა ჯანდაბად გჭირდებათ? -გაუკვირდა ჭაღარა ბუზღუნა ქალს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თეიმურაზის და იყო  – და საერთოდაც, თეიმურაზი არ გახლავთ სახლში, უნივერსიტეტშია წასული, დღეს ჩათვლები აქვს და სავარაუდოდ გვიან დაბრუნდება.
– თქვენ მეუღლე ხართ? აუცილებლად გვჭირდება მისი პოვნა, ქალბატონო-მაქსიმალურად საწყალი თვალები მივიღე მე-და აუცილებლად დღესვე.
– არა, მე და ვარ, თეიმურაზს მეუღლე ორი წლის წინ დაეღუპა და იმის შემდეგ მთელ თავის დროს იმ წყეულ, აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტს ახმარს, საერთოდ დაივიწყა თავისი საწყალი და…
ჩვენ აღარ დავაცადეთ მოხუცს ტირადის ბოლომდე დასრულება, სასწრაფოდ დავემშვიდობეთ და კიბეზე სირბილით დავეშვით. (more…)

Read Full Post »

მეილი გავხსენი, ახალი ფურცელი ავირჩიე, სათაური გავუკეთე და გავჩერდი. რა დავწერო ჩემზე ისეთი, წაკითხვა რომ შეიძლებოდეს და თან მე რომ ვიყო? რა მინდა ვაბშემც, რას მოვითხოვ, ერთი ბოთლი ბორჯომის გარდა? მეორე ბოთლ ბორჯომს ალბათ…

ბავშვობა რომ გავიხსენო, რა აზრი აქვს, ვის რაში აინტერესებს როგორ ვიზრდებოდი მე საბჭოეთის ნანგრევებზე, როგორ მიხაროდა პლასტმასის კურდღლის ყურის ღრღნა, როგორ მიყვარდა ჟურნალები, იატაკზე ვყრიდი და ზედ დავფოფხავდი ხოლმე, როგორ დავწვი ერთხელ ნაძვის ხე, როგორ მშურდა ჩემი პატარა ძმის, როდესაც მას სოსკით აჭმევდნენ და მე თეფშიდან, როგორ არ მიყვარდა ბაღში სიარული და რამხელა მეგონა ეზოში საწყლად მდგომი ჩამოსასრიალებელი… არც ის დაგაინტერესებთ, რატომ არ მიყვარდა ლტოლვილი კლასელები, როგორ მეშინოდა ერთი პერიოდი, რომ თბილისიც არ დაებომბათ, უშუქობაში როგორ ვიჯექი და ყელში მომდგარი ბურთის ყლაპვით ამოცანებს ვხსნიდი, თან თვითმკვლელობაზე ვოცნებობდი, წარმოვიდგენდი როგორ გამომიტირებდა ყველა, როგორ დაწყდებოდათ გული, როგორ ინანებდნენ ყველაფერს და ჩემი თავი ისე მეცოდებოდა, ცრემლები მომდიოდა, არა მგონია ეს საინტერესო იყოს, რადგანაც ყველას თუ არა უმეტესობას გამოცდილი აქვს ეს და იცის რაც არის…

ან იქნებ, რომ დავფიქრდე, მით უმეტეს იყოს საინტერესო ვინმესთვის თავისი თავის სხვა თვალით დანახვა? კითხულობ, კითხულობ და გგონია, რომ შენი დაწერილია, ან უფრო უკეთესი, შენზეა დაწერილი, გინდება კარი ჩაკეტო, მუსიკას აუწიო და გადავარდე მოგონებებში, დაპატარავდე, ისევ ისეთი სუსტი და დაუცველი გახდე, როგორიც იყავი და ნერვები გეშლება, როდესაც გავლილი წლების მანძილზე ბევრ დიდ თუ მცირე შეცდომას აღმოაჩენ, რომლებსაც აქედან ხედავ, მაშინ კი ვერ ამჩნევდი, ხელები გექავება, ისე გინდა რომ წამოარტყა შენს პატარა ვარიანტს თავში, მიუთითო სწორი გზა და დაეხმარო, მაგრამ აბა რანაირად, ეს ხომ მხოლოდ შენი მოგონებაა. საბოლოოდ ნაწერის მიმართ სიძულვილი გიჩნდება, ავტორი შენი მტერი ხდება, რომელმაც გაბედა და შენს ბავშვობაში ხელი ჩაყო, მოურია და აამღვრია ყველაფერი, გაბრაზებული დგები და იღებ გადაწყვეტილებას, აღარასოდეს წაიკითხო არაფერი…

ღირს ახლა ამ ყველაფრის გაკეთება? არ ღირს, ასე რომ არაფერსაც არ დავწერ ჩემს შესახებ, მაინც არ დაგაინტერესებთ…

Read Full Post »

%d bloggers like this: