Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘crow’

ლაბორატორია წარმოადგენდა დიდ და მაღალ დარბაზს, რომელიც  ბევრი და უცნაური ხელსაწყოებით იყო გამოტენილი. ისინი ეწყო რიგებად, მწკრივებად, ერთმანეთზე და ამ რიგებს და მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. იქვე დაფათურობდნენ უცნაურად გამოშტერებული გამომეტყველების მეცნიერები და მათი ჯერ კიდევ გამოუშტერებელი ასისტენტები. ისინი ჩვენ რაღაცნაირად, ოდნავ ქედმაღლურად გვიყურებდნენ და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდნენ, მაინც ისე მოქმედებდა, რომ ოთახის ბოლოში რომ გავედით, თავი საშინელი სალაგა მეგონა. გონებაში ამოტივტივდა ჩემი საყვარელი პლატფორმა, მუდამ მომღიმარი მექანიკოსი, რომელსაც საოცრად რბილი ხმა და გამაბრუებელი სურნელის თმა ჰქონდა და სახლში მომინდა.

ეს დარბაზი გავიარეთ და მეორე, სიდიდით არანაკლებ დარბაზში შევედით, თუმცა აქ ერთი შეხედვით არანაირი ხელსაწყო არ იდგა. დარბაზის შუაში შევნიშნე მხოლოდ რამდენიმე ნახევრად გამჭვირვალე ცილინდრული ოთახი, რომლებიც ერთმანეთს დაახლოებით ჭერის ნახევარ სიმაღლეზე გაკეთებული აივნით უკავშირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ნახევრად იყო გამოღებული და უამრავი კაბელი ნაწლავებივით ეყარა ძირს. (more…)

Read Full Post »

-ნეტა ვიცოდე რას მაშტერდება ასე – გავიფიქრე და გვერდზე მჯდომ წითელ-ლურჯ გოგონას ცერად გავხედე. გოგონამ ოდნავ ჩაიღიმა და ეკრანისკენ გაიხედა. ეკრანზე დრიმ რაღაც სამგანზომილებიანი ვიდეო გადიოდა დრიმ სითიზე.

…და მაშინ გადაწყდა დაარსებულიყო აქ ადამიანის გონების საკვლევი ცენტრი, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ – მსოფლიოში სიდიდით პირველი, ქვეცნობიერის მატერიალიზაციისა და ანიჰილაციური პროცესების შემსწავლელი ცენტრი, დრიმ სითი. მასში ამჟამად 500 ათასი ადამიანი მუშაობს და მოღვაწეობს, აქედან 30 ათასი მეცნიერ-მუშაკი. თქვენ გაგიმართლათ, რომ აქ მოხვდით, რადგან დრიმ სითიში მხოლოდ განსაკუთრებული გონებრივი და ფსიქიკური შესაძლებლობის ადამიანები ხვდებიან. თქვენ ყველას ჩაგიტარდებათ მრავალმხრივი ტესტები და შემდეგ (more…)

Read Full Post »

Infecter Mushroom – Tasty Mushroom (sound track)

…ბნელა, დახუთული და ნესტიანი ჰაერია, უცნაური სუნით გაჟღენთილი, სუნი ოფლის, ალკოჰოლის, ქალის, კაცის და ეს ყველაფერი ერთმანეთში აზელილი. სიბნელეს ხანდახან ელვა კვეთს და წამით ჩანს სახეები, წაშლილი, დამახინჯებული, არაადამიანური, ორ-ორი ცხვირებით და უცნაური, თითქოსდა არაბუნებრივ ადგილას ამოსული მესამე თვალებით. ვაკვირდები გარშემო ყველაფერს და ვატყობ, რომ სიბნელე ნელ-ნელა ქრება, ვარდისფერი, სქელი და წებოვანი ნისლით ივსება გარემო… მე ვცდილობ წამოვდგე, მაგრამ რომელიღაცა ორცხვირა და სამთვალა დემონი მეჯახება და უფსკრულში ვვარდები…

…მწვანე ბალახზე ვწევარ პირქვე, თუმცა ვერ ვარჩევ, მართლა მწვანეა თუ არა ბალახი, იმდენად ახლოს მაქვს სახესთან, მაგრამ რადგანაც სუნი ბალახის აქვს და ბალახი მწვანეა, ალბათ ეს ბალახიც მწვანე იქნება. ასე რომ მწვანე ბალახზე ვწევარ პირქვე, თუმცა ნამდვილად ვერ ვხვდები, ვწევარ თუ არა, სხეულს ვერ ვგრძნობ, მაგრამ რადგანაც ცხვირთან ასე ახლოს ვგრძნობ ბალახის სუნს, ე.ი. ზედ ვწევარ, პირქვე…

თვალები გავახილე და გადმოვბრუნდი, ცოტა ხანს გაოცებული ვუყურებდი ცას და თვალებს ვაფახულებდი, მერე კი ჩამეცინა – ცის ადგილას ზუსტად ისეთი ბალახი იყო, როგორზეც მე ვიჯექი, გარშემო მთლიანად ბალახისფერი სამყარო იყო… და ეს საოცარი ბალახის სურნელი… (more…)

Read Full Post »

მეილი გავხსენი, ახალი ფურცელი ავირჩიე, სათაური გავუკეთე და გავჩერდი. რა დავწერო ჩემზე ისეთი, წაკითხვა რომ შეიძლებოდეს და თან მე რომ ვიყო? რა მინდა ვაბშემც, რას მოვითხოვ, ერთი ბოთლი ბორჯომის გარდა? მეორე ბოთლ ბორჯომს ალბათ…

ბავშვობა რომ გავიხსენო, რა აზრი აქვს, ვის რაში აინტერესებს როგორ ვიზრდებოდი მე საბჭოეთის ნანგრევებზე, როგორ მიხაროდა პლასტმასის კურდღლის ყურის ღრღნა, როგორ მიყვარდა ჟურნალები, იატაკზე ვყრიდი და ზედ დავფოფხავდი ხოლმე, როგორ დავწვი ერთხელ ნაძვის ხე, როგორ მშურდა ჩემი პატარა ძმის, როდესაც მას სოსკით აჭმევდნენ და მე თეფშიდან, როგორ არ მიყვარდა ბაღში სიარული და რამხელა მეგონა ეზოში საწყლად მდგომი ჩამოსასრიალებელი… არც ის დაგაინტერესებთ, რატომ არ მიყვარდა ლტოლვილი კლასელები, როგორ მეშინოდა ერთი პერიოდი, რომ თბილისიც არ დაებომბათ, უშუქობაში როგორ ვიჯექი და ყელში მომდგარი ბურთის ყლაპვით ამოცანებს ვხსნიდი, თან თვითმკვლელობაზე ვოცნებობდი, წარმოვიდგენდი როგორ გამომიტირებდა ყველა, როგორ დაწყდებოდათ გული, როგორ ინანებდნენ ყველაფერს და ჩემი თავი ისე მეცოდებოდა, ცრემლები მომდიოდა, არა მგონია ეს საინტერესო იყოს, რადგანაც ყველას თუ არა უმეტესობას გამოცდილი აქვს ეს და იცის რაც არის…

ან იქნებ, რომ დავფიქრდე, მით უმეტეს იყოს საინტერესო ვინმესთვის თავისი თავის სხვა თვალით დანახვა? კითხულობ, კითხულობ და გგონია, რომ შენი დაწერილია, ან უფრო უკეთესი, შენზეა დაწერილი, გინდება კარი ჩაკეტო, მუსიკას აუწიო და გადავარდე მოგონებებში, დაპატარავდე, ისევ ისეთი სუსტი და დაუცველი გახდე, როგორიც იყავი და ნერვები გეშლება, როდესაც გავლილი წლების მანძილზე ბევრ დიდ თუ მცირე შეცდომას აღმოაჩენ, რომლებსაც აქედან ხედავ, მაშინ კი ვერ ამჩნევდი, ხელები გექავება, ისე გინდა რომ წამოარტყა შენს პატარა ვარიანტს თავში, მიუთითო სწორი გზა და დაეხმარო, მაგრამ აბა რანაირად, ეს ხომ მხოლოდ შენი მოგონებაა. საბოლოოდ ნაწერის მიმართ სიძულვილი გიჩნდება, ავტორი შენი მტერი ხდება, რომელმაც გაბედა და შენს ბავშვობაში ხელი ჩაყო, მოურია და აამღვრია ყველაფერი, გაბრაზებული დგები და იღებ გადაწყვეტილებას, აღარასოდეს წაიკითხო არაფერი…

ღირს ახლა ამ ყველაფრის გაკეთება? არ ღირს, ასე რომ არაფერსაც არ დავწერ ჩემს შესახებ, მაინც არ დაგაინტერესებთ…

Read Full Post »

%d bloggers like this: